Tuesday, April 12, 2011

უცხო სიტყვები („ჩირიკი და ჩიკოტელა“)

ღვარძლი - 1. სარეველა ბალახი, რომელიც პურეულის ნათესებში მრავლდება ხოლმე; 2. შური, სიავე, ბოროტება.
კალო - მრგვალი ადგილი, გასუფთავებული და გაპრიალებული, სადაც პურს ლეწავენ.
ხვავი - ხორბლის, სიმინდის, ფეტვის და სხვა მარცვლეულის დიდი გროვა  (დაახვავა - დიდ გროვად დაყარა).
მიჯნა = საზღვარი = სამანი=ნაპირყურე
ბარდიბარი -თანასწორი, თანაბარი.
შეზავთება - განრისხება, გაცოფება (ზავთი - რიხი, ძალა).
მეხთამტეხი - მრისხანე, მძვინვარე (მეხივით ხმაურიანი და უასიამოვნო).
რისხვეული - განრისხებული.
რუისპირი - რუს (ნაკადულის, წყაროს) ნაპირი.

ყარყაში - ხმაურიანი, ხმამაღალი ლაპარაკი.
ვარია - ზრდადაუმთავრებელი ქათამი, სანამ კვერცხის დადებას დაიწყებს).
დადედლებული ვარია - ვარია, რომელიც სადაცაა, კვერცხის დებას დაიწყებს.
ტაბიკი - უღლის ნაწილი, რითაც უღელს ამაგრებენ საქონლის კისერზე.
ბუდეშური - ვაზის ჯიში.
წალდი - ნაჯახის მსგავსი სამუშაო იარაღი ხის ტარითა და მოკაუჭებული, ალესილი რკინის პირით. იყენებენ ხის წვრილი ტოტების გასაკაფად.
ჭირდებული - გასაჭირში მყოფი ადამიანი, გაჭირვებისგან გულშეწუხებული.
მუშტარი - მყიდველი.
მუშტრის თვალით ყურება - ვინმეს ან რაიმეს გულდასმით თვალიერება, ყურადღებით გასინჯვა.
ნაპოხი = 1. გაპოხიერებული - სასუქით გაჯერებული, გაპატივებული (მიწას აპოხიერებს - მიწას ნოყიერს, ნაყოფიერს გახდის რაიმე სახის სასუქით);
2. გაპოხილი - ცხიმით გაჟღენთილი, გაპრიალებული (ხმალს პოხავს - ხმალს ცხიმით, საპოხით წმენდს, აპრიალებს).
გადაშარება - გადამტერება, გადაკიდება, მუდამ შარის მოდება ვინმესთვის.
დასაჩემი - დასაჩემებელი, მისათვისებელი.
საქმის დამცარავი -  საქმის უკუღმა წამმართავი, საქმის ჩამშლელი.
მეჩახმახე - ჩახმახის გამომკვრელი, მოჩხუბარი.
ონავარი - ამ შემთხვევაში: თავდამსხმელი, მტაცებელი (საერთოდ: ანცი, ცელქი ადამიანი).
ზმუილი - საქონლის (მაგ., ძროხის) ხმადაბალი, გაბმული ხმიანობა, ნესტოებიდან გამოცემული.
დაკემსილი - ამ შემთხვევაში: წვრილად დაჭრილი, დაქუცმაცებული (საერთოდ: დაკერილი).
შესანდობარი - მიცვალებულის სულის შესაწყალებელი სიტყვა; სადღეგრძელო, რომლითაც მოცვალებულებს ისხენებენ.
ფიალა - თასი, ჯამის ფორმის პატარა სასმისი, ღვინის დასალევად განკუთვნილი.
მინაცრებული - ჩანაცრებული, ჩაფერფლილი (შეიძლება გავიგოთ: ფერდაკარგული, განაცრისფრებული).
გაძაგრული - დაჭიმული, დაძაბული.
უამებელი - უსიხარულო, უსიამოვნო.
გაშოტილი - მთელი სიგრძით გაწოლილი.

No comments:

Post a Comment